შალვა პაპუაშვილმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი მოაწერა
03/10/2024 06:52:24 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი მოაწერა.
„დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა. სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს - ოჯახსა და ბავშვებს. ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები, რომლებსაც იმდენი გამბედაობაც არ აღმოაჩნდათ, რომ ღიად გამოეხატათ აზრი ამ კანონთან დაკავშირებით და სამარცხვინოდ გაიპარნენ დარბაზიდან კანონზე კენჭისყრის დროს.
კანონი, რომელსაც ხელს ვაწერ, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს.
კარგად მესმის, რომ ამ კანონის ხელმოწერა კრიტიკას გამოიწვევს ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან, მაგრამ ქართველებს არასდროს შეგვშინებია სხვათა შეფასებების, როდესაც ამას ჩვენი რწმენა, საღი აზრი და ქვეყნის ერთგულება გვავალდებულებდა და როდესაც ვხედავდით, რომ ცივილიზაციური დინებები არასწორ კალაპოტს ჭრიდნენ. ამან გამოგვატარა ათასწლეულები. ასე შევინარჩუნეთ ჩვენი იდენტობა. ამავე დროს, იმავე უცხოეთში, ჩვენ ვხედავთ მილიონობით ადამიანის სულისკვეთებას, რომელიც თანხმობაშია ამ კანონთან. ეს კანონი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, ისე, რომ სხვა ადამიანების უფლებები არ შეილახოს, რაც არის კიდეც ნამდვილი დემოკრატიის არსი და იდეა.
შემწყნარებლობა იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გამორჩეული თვისება. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ შემწყნარებლობა ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებულ თანაცხოვრებას გულისხმობს და არა ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრებას და სხვისი რწმენისა და ღირებულებების უგულებელყოფით სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას. ეს კანონი ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს. 2024 წლის 17 მაისს საქართველოს მილიონამდე მოქალაქე გამოვიდა საქართველოს ქალაქების ქუჩებში, რითაც შედგა ფაქტობრივი რეფერენდუმი ამ კანონზე. მისი მიღების პროცესში გვქონდა ასევე განხილვები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, სადაც როგორც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ისე სხვა რელიგიურმა კონფესიებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ კანონის სულისკვეთებას. ამიტომ, ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც“, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 2 ოქტომბერს პრეზიდენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი არ მოაწერადა და პარლამენტს უკან დაუბრუნა.
აღსანიშნავია, რომ უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.
17 სექტემბერს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი მიიღო. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.
ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.
კანონი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა, დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
კანონის მიღების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.
დასავლეთის არაერთმა ლიდერმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, არ მიეღო აღნიშნული კანონი, რადგან, მათი თქმით," ეს კანონი საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან".


