გიორგი ვაშაძე: კომპანია “ვისოლი”, "ოცნების" დავალებით, ქალაქში ბილბორდებს არ გვიკრავს
03/10/2024 08:24:43 პოლიტიკა
"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კომპანია “ვისოლი” კოალიციას არ უკრავს საარჩევნო ბილბორდებს ქალაქში.
აღნიშნულში ის "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს.
“დღეს საბოლოოდ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია “ვისოლი” ოცნების დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ბილბორდების შინაარსი არის, რომ “ერთიანობამ” უნდა გაიმარჯვოს, იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და N1 ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ "ოცნება" და ივანიშვილი. მე მივმართავ “ოცნების” წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? მივმართავ კომპანია “ვისოლს”, გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული, არის თუ არა თანხა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და რა უფლებით არ აკრავთ ამ ბილბორდებს საქართველოში?! ხელისუფლებიდან წასვლისთვის, ბილბორდების არ გაკვრა, ვერ გიშველით",- თქვა ვაშაძემ.
"ვისოლს" ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.


