Accentnews.ge
საფრანგეთის საელჩო: "მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს"

საფრანგეთის საელჩო: "მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს"

04/10/2024 07:04:21 პოლიტიკა

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, "მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება".

"რესპუბლიკის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, მიესალმა ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოხდა საქართველოში. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა, გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყურადღებით დააკვირდება იმ პირობებს, რომლებშიც ჩატარდება საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის დასავლური ტურნეს ფარგლებში 3 ოქტომბერს პარიზში გაიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S