დანიგანი: აშშ–ის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები პროექტს "საარჩევნო კომპასი – საქართველო" იწყებენ
04/10/2024 08:46:00 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ერთად პროექტს სახელწოდებით "საარჩევნო კომპასი – საქართველო" იწყებენ.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ ჩემს კოლეგებთან გერმანიის ელჩ ფიშერთან და ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკისთან ერთად და ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელსაც ჰქვია "საარჩევნო კომპასი – საქართველო". მიდის საარჩევნო პერიოდი და ძალიან ბევრი საუბარია პოლიტიკურ პარტიებზე, კანდიდატებზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამომრჩეველი და ეს ასეა ქართულ არჩევნებშიც. შესაბამისად, ეს პლატფორმა დაეხმარება ამომრჩევლებს, რომ გაარკვიონ, თუ რა პროგრამა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს და ასევე დაეხმარება ამომრჩევლებს, რომ ისინი წავიდნენ არჩევნებზე და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ხმა არის ფარული, რომ არჩევნები არის სამართლიანი და ნამდვილად იმ პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს, რომელსაც ისინი აძლევენ ხმას, იყვნენ დარწმუნებული, რომ ისინი ნამდვილად წარმოადგენენ იმ ღირებულებებს, პროგრამას, რაც ამ ამომრჩეველს სურს და იმედია, რომ ქართველი ამომრჩევლები გამოიყენებენ ამ პლატფორმას და შეიტყობენ იმას, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ისინი ირჩევენ ნამდვილად შეესაბამება მათ ინტერესებს და ნამდვილად წარმოადგენს იმ პოზიციას, რაც მათ აქვთ და რისი არჩევაც მათ სურთ", – განაცხადა საქართველოში აშშ–ის ელჩმა რობინ დანიგანმა.
- რა არის "საარჩევნო კომპასი"
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „საარჩევნო კომპასი“ არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას მასთან ყველაზე ახლოს".
"აპლიკაცია მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის „თავისუფლებისთვის“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, ხოლო მეთოდოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამსტერდამის ვრიეს უნივერსიტეტში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანია Kieskompas.
აპლიკაცია იხილეთ ბმულზე geocompass.ge.


