აშშ-ის ადმინისტრაციის კვალდაკვალ "ოცნების" ლიდერებთან შეხვედრებს ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებიც წყვეტენ
04/10/2024 09:11:47 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, "ქართული ოცნების" ლიდერებს აღარ შეხვდნენ.
ელჩის თქმით, 27 ლიდერის გადაწყვეტილება ანტიევროპულ ნარატივებს და პროპაგანდას უკავშირდება.
"მიმდინარე წლის ივნისში ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან შიდა განხილვა გვქონდა, როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან არანაირი მაღალი დონის კონტაქტები არ გვქონოდა და სწორედ ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა მაღალი დონის შეხვედრა შეგვეჩერებინა",- თქვა ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებია, საქართველოს პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქებში მართავს შეხვედრებს ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან.


