ირაკლი ზარქუა – ევროკავშირის ელჩს: "ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს"
04/10/2024 11:44:59 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს "მიუღებელს" უწოდებს.
დეპუტატი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, მიიჩნევს, რომ ევროპელი დიპლომატი "ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევს თავს".
“ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია. მათ შორის თავისი არსითა და შინაარსით მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოთ. [...] იდევ ერთხელ ვაცხადებთ და მოგიწოდებთ, რომ შეეშვით შიდა არჩევნებში ჩარევას - ეს თქვენი მანდატი არ არის. თქვენი მანდატი არის, როდესაც შესაძლებლობა იქნება, რომ ევროინტეგრაციაში საქართველო დაწინაურდეს, იქ ფეხი არ დაგვიდოთ - მხარი დაგვიჭირეთ. ჩვენს უკან ქართველი ერის უმრავლესობა დგას. ასე რომ, ეს გაითვალისწინეთ. მე მესმის თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ“, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ირაკლი ზარქუამ.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.
„უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, კონსპირაციულ თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები ბრიუსელში. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, მან უპასუხა კითხვას საქართველოს მთავრობის წევრებისთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე. ჰერჩინსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აშშ თანამოაზრეები, პარტნიორები არიან, აქვთ საკითხების მიმართ კოორდინაცია,
"ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება მოითხოვს წევრი ქვეყნების ერთსულოვნებას. ეს ნიშნავს, რომ 27-ვე წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს. ამჟამად არსებობს სანქციების სამომავლოდ დაწესების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებთან დაკავშირებით საქმე რეალურად არასწორად წავა. ასე რომ, სანქციები არის ერთ-ერთი ვარიანტი, რაც მაგიდაზეა. თუმცა. ამ მომენტისთვის საქართველოს წარმომადგენლების მიმართ არანაირი სანქციების დაწესება არ განიხილება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკის თქმით, მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში, შეუძლიათ ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, რომელთა შორის ერთ-ერთია „ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება".
მისივე თქმით, "თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი".
ამასთან, იგი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებს.
"იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი", - ასე შეაფასა ჰერჩინსკიმ "ოცნების" საარჩევნო ბანერები, რომელზეც უკრაინის განადგურებული შენობაბია გამოსახული და საზოგადოებას ომსა და მშვიდობას შორის "არჩევანს" ამ გზით სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის კრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების კანონი მიიღო. კანონი აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებას.


