ჯეიმს ო’ბრაიენი: შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპას აშორებს
04/10/2024 16:20:09 პოლიტიკა
შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი პლატფორმა X-ზე წერს.
„შეერთებული შტატები ყოველთვის ხმას ამოიღებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ყველასთვის“, - ხაზს უსვამს ჯეიმს ო’ბრაიენი.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი მოაწერა.
ცნობისთვის: 2 ოქტომბერს პრეზიდენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს ხელი არ მოაწერადა და პარლამენტს უკან დაუბრუნა.
აღსანიშნავია, რომ უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა, მაგრამ არც ვეტო დაადო.
17 სექტემბერს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი მიიღო. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.
ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.
კანონი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა, დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
კანონის მიღების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.
დასავლეთის არაერთმა ლიდერმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, არ მიეღო აღნიშნული კანონი, რადგან, მათი თქმით," ეს კანონი საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან".


