ელჩი: მკითხეს აზრი ბანერებზე და გულწრფელად გავეცი პასუხი, როგორც ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში
07/10/2024 09:10:32 პოლიტიკა
თუ მეკითხებით განცხადებაზე, რომელიც პარასკევს გავაკეთე თბილისში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით, მაშინ გეტყვით, რომ მე მკითხეს აზრი ბანერებზე და მეც გულწრფელად გავეცი პასუხი, როგორც ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში,- ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" ლიდერების კრიტიკას ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი. მანამდე მან ბანერებს, რომელზეც რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინული შენობები იყო გამოსახული "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" უწოდა.
"როგორც ევროკავშირის ელჩი, მე მაქსიმუმს ვაკეთებ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ვერავინ დამადანაშაულოს ჩარევაში.
მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოახლოებული არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი და მხოლოდ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება მთავრობაში.
მე იმედი მაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური იქნება.
ჩვენ, ევროკავშირი, დაველოდებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოხსენებებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს",- თქვა ელჩმა.
მან უშუალოდ განცხადებების კომენტირებისგან თავი შეიკავა წინასაარჩევნო პროცესში და "ქართულ ოცნებას" პროცედურები შეახსენა:
"ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად, ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, სთხოვოს უცხოელ დიპლომატს დატოვოს ქვეყანა და ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ასეთი შემთხვევა გვქონდა სხვა რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში“, - აღნიშნა ელჩმა.


