დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პარტია „ჩვენ“ დატოვეს
07/10/2024 14:02:52 პოლიტიკა
პარტია „ჩვენ“ ლიდერებმა დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ დატოვეს. ამის შესახებ ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის დატოვების მიზეზი არის ის, რომ მიზნისკენ სწრაფვის ფორმები გაერთიანებაში არსებულ წევრებს შორის ერთმანეთს არ დაემთხვა.
„მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციური პარტია “თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივა” , ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, საზოგადოებრივი მოძრაობა “რეგიონები საქართველოსთვის”და საზოგადოებრივ მოძრაობა “რუსთაველის გზას” შორის შედგა გაერთიანება, რათა არსებული კოლაბორაციონისტული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი და საზოგადოების გადაუწყვეტელი ნაწილისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატივა, რომელიც საერთო ბრძოლაში მოახერხებდა ახალი ამომრჩევლის მოყვანას არჩევნებზე.
ჩვენ გავერთიანდით და საარჩევნო კამპანიაში წარვდექით პოლიტიკური პარტიით „ჩვენ”, #23.
გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ, სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ.
ბევრნი ვართ, უმრავლესობა ვართ, ვინც ვებრძვით „ქოცურ“ რეჟიმს! მოქალაქეები, ვისაც გვინდა ქვეყნის სწორი განვითარება და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების გამარჯვება ამ ქვეყანაში - ყველას ვუსურვებ ამ არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას!“-აცხადებს დავით ქაცარავა.


