Accentnews.ge
კობახიძე: გვაქვს ამოცანა, რუსთავის მიმდებარედ, თბილისსა და რუსთავს შორის განვავითაროთ სრულიად ახალი კამპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის

კობახიძე: გვაქვს ამოცანა, რუსთავის მიმდებარედ, თბილისსა და რუსთავს შორის განვავითაროთ სრულიად ახალი კამპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის

07/10/2024 17:51:57 პოლიტიკა

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ თსუ-ს სტუდენტებს "სრულიად ახალ კამპუსს" რუსთავის მიმდებარედ აუშენებს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

"გვაქვს ამოცანა, რუსთავის მიმდებარედ, თბილისსა და რუსთავს შორის განვავითაროთ სრულიად ახალი კამპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ის იქნება უზრუნველყოფილი მთლიანად თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის სასწავლო ინფრასტრუქტურით, საერთო საცხოვრებლებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თვითრეალიზების საშუალება", - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, "პრინციპულად მნიშვნელოვანია სწავლების შინაარსის გაუმჯობესება".

"დღეს გვაქვს უამრავი პრობლემა ჩვენს უნივერსიტეტებში, არ არის დამაკმაყოფილებელი სწავლების ხარისხი, სახელმძღვანელოების ხარისხი. ადამიანური რესურსების კუთხით გვჭირდება სერიოზული განვითარება. ბუნებრივია, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საუნივერსიტეტო რეფორმა განვითარდეს ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, რომ საქართველოში სტუდენტმა, მითუმეტეს 2028 წლისთვის, მიიღოს ზუსტად იგივე ხარისხის განათლება, ყოველ შემთხვევაში, სპეციალობების უმრავლესობაში, რა განათლებასაც ისინი იღებენ, მაგალითად, ევროპულ უნივერსიტეტებში. მთავარია სისტემური მიდგომა, საფუძვლიანი რეფორმის განხორციელება და ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი შემდეგი ოთხი წლის ჭრილში" - თქვა კობახიძემ.

მან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება გეგმავს, "მნიშვნელოვნად გაფართოვდეს" მისი ინფრასტრუქტურა და 20 000-ს გადაცდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა.

"გვაქვს უკვე დაპირება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მისი მხრიდან სერიოზული ინვესტიცია იქნება ჩადებული ამ პროექტის განხორციელებისთვის", - აცხადებს კობახიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S