როგორ დაალაგა „ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საარჩევნო პროგრამაში
07/10/2024 18:03:18 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას, მათ შორის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ამ თემას პრემიერმა დაახლოებით, 3 წუთი დაუთმო საათი და 10–წუთიანი სიტყვიდან.
მან საგარეო პოლიტიკაზე საუბარი აშშ–სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრით დაიწყო:
"რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმევა იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადმოდგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მიმართულებით".
იგი კვლავ ირწმუნება, რომ "2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად":
"ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 2028 წლისთვის გვაქვს გეგმა, რომ 90%-ს გადააჭარბოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულებას, ხოლო DCFTA-თ გათვალისწინებული ვალდებულებების 90% იქნება შესრულებული 2028 წლისთვის".
ევროინტეგრაციის შემდეგ პრემიერმა სიტყვა NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრითა და ჩინეთისთვის მადლობის გადახდით განაგრძო:
"NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრირორიტეტი, ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, შარშან მოეწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც არის განხორციელების პროცესში და მადლობა ჩინელ პარტნიორებს ამ მხარდაჭერისთვის".
რაც შეეხება რუსეთს, კობახიძემ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს ოკუპაციის კონტექსტში კვლავ არ ახსენა.
"პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება ესეც არის ჩვენი ერთ–ერთი უმთავრესი პრიორტეტი", – მხოლოდ ამ წინადადებით შემოიფარგლა კობახიძე რუსეთზე საუბრისას.


