Accentnews.ge
ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: "არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა"

ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: "არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა"

08/10/2024 14:26:37 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აგრძელებს.

შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა".

"ჩვენი, "ძლიერი საქართველოს" პოზიცია არის ძალიან კონკრეტული. ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნას განხილული არჩევნების შემდეგ და ეს ჩვენ, ძალიან მკაფიოდ ვუთხარით საქართველსო პრეზიდენტს. არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ახლა ყველაზე მთავარი ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ კურსზე. რაც შეეხება კანდიდატებს - კანდიდატების განხილვა არ ყოფილა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები და მისი შედეგები ეკუთვნის ხალხს და ამ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ყველა დანარჩენი საკითხის განხილვა ქარტიის ფარგლებში. ჩვენ არ ვთვლით, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი, იმიტომ, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის არჩევანი არის უზენაესი. ჩვენ ჯერ უნდა დაველოდოთ 26 ოქტომბერს, გავიმარჯვოთ, გავაფორმოთ ეს გამარჯვება მშვიდობიანად და შესაბამისად, ქარტიის ფარგლებში, პრეზიდენტი როგორც გარანტორი ამ ძალაუფლების გადაცემის და ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბების, იქნება მთავარი ფიგურა", - განაცხადა ხაზარაძემ.

დღეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

"პრემიერის კანდატურაზე კონკრეტულ სახელსა და გვარზე საუბარი არ ყოფილა", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რამე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება".

"ამ შეხვედრაზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ისევე მყარად სწამს, 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვების, როგორც თითოეულ ჩვენგანს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საქართველოს პრეზიდენტის მოლოდინია, რომ, დიახ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის - კი ევროპას! ეს არის მთავარი, რაც უნდა მოვიპოვოთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ამ ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ შეიქმნას რამე სახელისუფლებო ვაკუუმი, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმას, რომ მან უკვე გადადგა წინმსწრები ნაბიჯები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ ამ საკითხებზე მსჯელობა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, კონკრეტულ სახელ და გვარზე ამ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტს ასევე ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა მთავარია გამარჯვების მოპოვება და ეს გამარჯვება უნდა მოიპოვონ პოლიტიკურმა პარტიებმა ქართველ ხალხთან ერთად, რისთვისაც საჭიროა აქტიური კამპანია“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, წარადგენენ თუ არა არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბოკუჩავა ასე პასუხობს: „ეს არ არის დამოკიდებულია არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, დამოკიდებულია ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებზე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გუშინ პრეზიდენტმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს– ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს უმასპინძლა.

ცნობისთვის: 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატი.

„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა შეირჩეს ჩემთან კონსულტაციით. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით, რადგან ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში.

ხოლო დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა მის მიერ შერჩეული კანდიდატი პოლიტიკური წარსულის მქონე პირი, უარყოფითად უპასუხა და იქვე ისიც დასძინა, რომ "ის არის „პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი და ალბათ, ყველასთვის მისაღები”.

„მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში - რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, რათა ამომრჩეველმა იცოდეს წინასწარ, ვინ იქნებიან მასში და ისინი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილი პირები და არა პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ხომ ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას - რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს... ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს ევროპაში - იმ ადგილზე, სადაც გვინდა, ვიყოთ”, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ 7 ოქტომბრიდან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S