მიკსერი: უმნიშვნელოვანესია არჩევნების შესაბამის დონეზე ჩატარება, როცა საქმე ეხება ევროპული მისწრაფებების ქვეყანას, მაგრამ პლურალიზმი და დემოკრატია ამ ჩარჩოებს სცილდება
08/10/2024 16:40:07 პოლიტიკა
ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი აცხადებს, რომ "უმნიშვნელოვანესია არჩევნების შესაბამის დონეზე ჩატარება, როცა საქმე ეხება ევროპული მისწრაფებების ქვეყანას, მაგრამ პლურალიზმი და დემოკრატია ამ ჩარჩოებს სცილდება". ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოს საკითხზე წლებია, ვმუშაობ და საკუთარ თავს შემიძლია, საქართველოს მეგობარი ვუწოდო. მე ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებასთან დაკავშირებით ევროპული და ევროატლანტიკური თვალსაზრისით. ეს იყო მოსახლეობის უმეტესობის მისწრაფება საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ამ მისწრაფებებს.
ნამდვილად, კანონების მიღება, რომლებიც სერიოზულად ზღუდავენ არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას, ახორციელებენ უმცირესობების, მათ შორის LGBTQI საზოგადოების შევიწროებას, არის ნაბიჯები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ მკაფიოდ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს.
ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალურად მხარს უჭერდნენ საქართველოს, მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი პირობებზე დაყრდნობით. სამწუხაროდ, ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს მოსახლეობის ამ მისწრაფებების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია არჩევნების შესაბამის დონეზე ჩატარება, როცა საქმე ეხება ევროპული მისწრაფებების ქვეყანას, მაგრამ პლურალიზმი და დემოკრატია ამ ჩარჩოებს სცილდება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც გაცხადებული აქვს სიტყვით და საქმით აქამდე არ ჩანს", – განაცხადა მიკსერმა.


