გიგი უგულავა: ჩემი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად
09/10/2024 15:10:40 პოლიტიკა
„ერთიანობის“ წევრი გიგი უგულავა ამბობს, რომ პირადად მომხრეა, არჩევნებამდე დასახელდეს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის განდიდატი და თვლის, რომ ამჟამად პოლიტიკური მომენტუმი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარესაა.
„დაუშვებელია, შეიქმნას რაიმე ტიპის ვაკუუმი, შეუძლებელია 08:30 საათზე შეიქმნას რაიმე სახის შეუთანხმებლობა, მაშინ ინიციატივა „ქართული ოცნების“ ხელში გადავა“, თვლის ის.
რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, მისი თქმით, არ შეიძლება, ვიყოთ „დამალობანაში“, პრემიერ-მინისტრი ამოვიღოთ უჯრიდან“, „ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე“.
„ამ წუთას პოლიტიკური მომენტუმი აქვს ერთადერთ ადამიანს. ამ ოთხი ძლიერი ცხენის ერთ ეტლად ქცევის პოლიტიკური შანსი და ძალა აქვს ერთადერთ ადამიანს, პირადად სალომე ზურაბიშვილს. პირადად ჩემი აზრია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად“,- თქვა უგულავამ „ფორმულას“ ეთერში და ხაზი გაუსვა, რომ ეს პირადად მისი აზრია.
7 ოქტომბრიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.


