ემიგრანტების ხმის უფლების დასაცავად "პლატფორმა 26" შეიქმნა
10/10/2024 08:49:27 პოლიტიკა
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ემიგრანტების ხმის უფლების დაცვის მიზნით სამოქალაქო საზოგადოების წევრები პლატფორმა "26"-ს ქმნიან.
პლატფორმა "26"-ის ქვეშ "ემგიდი", "მედგიდი", "წინაპრები", "ერთი მოქალაქე, ერთი არჩევანი", სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ერთიანდებიან, რომელთა მთავარი ამოცანაც არჩევნებზე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლების დაცვა იქნება.
როგორც "ემგიდის" წარმომადგენელმა ბაჩანა შენგელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ახალი "პლატფორმა 26" არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ფინანსური რესურსის მობილიზაციას შეეცდება, რათა ემიგრანტების ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაადგილება და საარჩევნო უბნებზე მისვლა უზრუნველყონ.
"ყველასთვის ცნობილია, რომ წინასაარჩევნოდ საკონსულო აღრიცხვაზე ემიგრანტების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხელშეშლა იყო ხელისუფლების მხრიდან და არ გახსნეს უბნები იქ, სადაც საჭირო და აუცილებელი იყო ჩვენი ემიგრანტებისთვის. ახლა საერთოდ აპირებენ ისრაელში უბნის გაუქმებას, რაც არის სრული უკანონობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობა არის დარეგისტრირებულები, რამაც ჩვენ დაგვაყენა ახალი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ადამიანები მივიყვანოთ საარჩევნო უბნებამდე, რადგან ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები არის ჩვენი ემიგრანტებისთვის უცხოეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, აქ მდგომმა ადამიანებმა, საზოგადოების წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა "პლატფორმა 26", რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის", პლატფორმა "გამიყოლე არჩევნებზე", პლატფორმა "წინაპრები", პლატფორმა "მედგიდი", პლატფორმა "ერთი მოქალაქე, ერთი არჩევანი". ყველა ერთი მიზნის ირგვლივ ვართ გაერთიანებული. ეს ერთი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბნებამდე", - ამბობს ბაჩანა შენგელია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


