Accentnews.ge
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციიდან "გარკვეული ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში"

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციიდან "გარკვეული ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში"

10/10/2024 08:55:57 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "უსამართლოს" უწოდებს ევროპარლამენტის რეზოლუცის, რომელსაც "არანაირი ფასი არ აქვს" და რომლის "უკანაც" "კონკრეტული ძალების ინტერესები" დგას. ის ტრადიციულად არ აკონკრეტებს, რა ძალებზეა საუბარი.

ამასთან, აქვს მოლოდინი, რომ კრიტიკული რეზოლუციიდან "გარკვეული ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში".

"ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ძალიან ბევრი რამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარეშემო, რა ძალები მოქმედებენ, რა ინტერესით მოქმედებენ ეს ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ისწავლეს ასევე ისიც, რომ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის, არა მისი მოსახლეობის, არამედ სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები.

რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს ჩვენთვის, აქვს ისეთივე ფასი, როგორიც ჰქონდა წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორიც იყო წინა სამი.

არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ იდენტური არა, მაგრამ გარკვეული ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

თავისთავად ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არანაირი იმედი საქართველოში - ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტ-საარჩევნო პერიოდზე და არა საარჩევნო პერიოდზე",- თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S