Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: მამუკა მდინარაძის ბრიფინგი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს

ანა ნაცვლიშვილი: მამუკა მდინარაძის ბრიფინგი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს

10/10/2024 09:57:46 პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "მამუკა მდინარაძის ბრიფინგი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს".

“დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური იმისა, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს. ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 16 დღეში მას აღარ ექნება ძალაუფლება, ამიტომაც არის "ქართული ოცნება" პანიკაში. ბრიფინგი კარგად ასახავს როგორი გამწარებულია მდინარაძე და მთელი "ქართული ოცნება" იმით, რომ "ძლიერმა საქართველომ" მათ ჩამოვუშალეთ საქართველოს წინააღმდეგ სქემა, რომელსაც "ქართული ოცნება" 12 წლის განმავლობაში იყენებდა. ბიძინა და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ჰქონოდა ორად ორი არჩევანი - ან "ოცნება" ან ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩამოვშალეთ მათ მიერ შექმნილი ეს სქემა და საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევთ რეალურ შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე აირჩიონ წარსულის ნამდვილი, რეალური, ალტერნატივა "ძლიერი საქართველოს" სახით, ძალა, რომელიც არის ორიენტირებული ამ ქვეყნის მომავალზე და არა წარსულზე. ამიტომაც არიან გამწარებულები, ამიტომაც არიან პანიკაში, მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი.

მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის იმეორებს კგბ-ს პარანოიდულ მითს იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი აკონტროლებს საქართველოში ოპოზიციას. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის კგბ-ს მიერ შეთხზული ტყუილი. [...] მდინარაძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, როდესაც ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და აირჩევს ან ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება რუსეთს და ამ ქვეყანას წარსულისკენ ექაჩება, ან აირჩევს მათ, ვისაც ამ ქვეყნის მომავლის და ძლიერი საქართველოს აშენება სურს. ჩვენი, 9 ნომრის გარშემო გაერთიანებული სუბიექტების, "ძლიერი საქართველოს" გეგმა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ 9 ნაბიჯი და გავხადოთ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და დაცული შრომის პირობებით და ყველა ხანდაზმული ადამიანისთვის ვუზრუნველვყოთ 1000-ლარიანი პენსია. დარწმუნებულები ვართ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან ხელისუფლებას, რომელიც 12 წელია ატყუებს მათ, რომელმაც თავი დაამახსოვრა ქვეყნის ღალატით და შეუსრულებელი დაპირებებით და აირჩევს მათ, ვისაც გვინდა ვიყოთ ორიენტირებულები ამ ქვეყნის მომავალზე და ძლიერი საქართველო ავაშენოთ” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S