ერმაკი კობახიძეს პასუხობს: "ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს"
10/10/2024 11:43:16 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება.
"ვნახე ეს განცხადება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს მშვენივრად ესმის სიმართლე და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში", – წერს ერმაკი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბილბორდებმა და სარეკლამო ვიდეორგოლმა „გააშიშვლა სიმართლე უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ“:
"რეალურად, საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის".


