შალვა პაპუაშვილი: "გერმანიის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიან მეგობრობას ძირს უთხრიან"
11/10/2024 06:57:27 პოლიტიკა
ჰანს გენშერის ქვეყანაში, მიხაილ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ გასაკვირი არაფერი არ არის , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარდაჭერას.
პაპუაშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიან მეგობრობას ძირს უთხრიან.
„ჩვენ ვნახეთ პროექტი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, დღეს იყო კენჭისყრები. ვნახეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის, გერმანიის ორმა ყველაზე დიდმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, რაც ყველაფრის მანიშნებელია.
როცა ამ რეზოლუციის შინაარს გავეცანით, ყველაზე გულსაკლავი იყო ის, რომ ჩვენ ვხედავთ გერმანიის პოლიტიკაში და მათ შორის, დიპლომატიაშიც ხალხს, რომელიც ძირს უთხრის 30-წლიან მეგობრობას. განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიასთან. გერმანიის ხელისუფლებამ კარგად იცის თუ რა ემოციური დამოკიდებულება გვაქვს გერმანიის, როგორც სახელმწიფოს მიმართ. ქართველი ხალხის ნდობას ასე რომ ანიავებენ, ძირს რომ უთხრიან, რაღაც მოკლევადიანი მიზნების გამო, ეს არის გულსაკლავი.
მეორეს მხრივ, ჰანს გენშერის ქვეყანაში, მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის“, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პაპუაშვილმა.
“ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია გერმანიის ბუნდესტაგმაც მიიღო.
რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" თავი შეიკავეს.


