ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი
11/10/2024 10:51:33 პოლიტიკა
"გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუციის მიღების ფაქტს.
მისი თქმით, დოკუმენტს "ჩალის ფასი აქვს".
„ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. თავისთავად, სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში. ეს არ არის უბრალოდ სწორი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ თავად, დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის: “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია გერმანიის ბუნდესტაგმაც მიიღო.
რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" თავი შეიკავეს.
მანამდე, 9 ოქტომბერს “ქართულ ოცნებაზე” კრიტიკული რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიიღო.


