პრემიერი – პრეზიდენტზე: "ორი პარასკევი აქვს დარჩენილი თავის თანამდებობაზე"
11/10/2024 11:22:02 პოლიტიკა
„სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც ერთი თვით იკვეცება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში, აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, როგორც მოღალატემ, ეს უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, - ამის შესახებ პრემიერ–მნისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ცნობისთვის: "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას კვლავ იწყებს.
გადაწყვეტილების მიღების მიზეზად "უცხოეთში უნებართვო ვიზიტები" სახელდება.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარალამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს; განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ 2023 წლის 18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში ვერ მოგროვდა საკმარისი ასი დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა.
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, თუ პარლამენტმა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
პირველი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი იყო მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრები 2023 წელს (აგვისტო-სექტემბერში) საზღვარგარეთ საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებთან შეხვედრები.


