პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მოვუწოდებთ ცესკო-ს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ
11/10/2024 13:07:08 პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ.
"დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში.
ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ასევე, იქნა განხილული საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი, თუმცა კომისიამ ეს საკითხი არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, რომელიც გაგზავნილ იქნა ცესკოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, უარი ეთქვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებდა იმ გარემოებას, რომ საზღვარგარეთ უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. უარის ერთ-ერთი მიზეზი ასევე, იყო უსაფრთხოების საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და ელჩებისგან მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით მოქალაქე და იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს ჩვენს ემიგრანტებს შეუფერებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებაში.
დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნოდ შვიდი დამატებითი უბანი შეიქმნება. ეს ქალაქებია: ნიუ-იურკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, სალონიკი, ათენი, პარიზი. რაც შეეხება სტრასბურგს, ეს საკითხი კვლავ პრობლემურად რჩება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


