Accentnews.ge
თინა ბოკუჩავა: ჩვენ ერთგული ვართ „ქართული ქარტიის“ - დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად არჩევნების შემდეგ კოალიციურ ხელისუფლებას შევკრავთ

თინა ბოკუჩავა: ჩვენ ერთგული ვართ „ქართული ქარტიის“ - დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად არჩევნების შემდეგ კოალიციურ ხელისუფლებას შევკრავთ

13/10/2024 07:57:38 პოლიტიკა

არჩევნების შემდეგ სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ, ტექნიკური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, განმარტა, რომ ქართული ქარტიის ერთგულები არიან.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი ქართული ქარტიისა, რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის.

სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს, რომელიც არაპოლიტიკოსებისგან იქნება შედგენილი.

“მე ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა. საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა გადაინაწილონ მანდატები და შექმნან მთავრობა ამ გარდამავალ ეტაპზე. ტექნიკური, ადმინიტრაციული მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იქნება პასუხისმგებელი, რომ ქარტიის პირობები შეასრულოს და ამ რამდენიმე თვეში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ ევროპის კართან.

ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და წარდგენა უნდა მოხდეს არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივას გუშინვე [12 ოქტომბერს] გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებებისთვის”. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ კოალიცია თანახმაა, პრეზიდენტმა არჩევნებამდე წარადგინოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც პოლიტიკოსებით არ დაკომპლექტდება.

“პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია “ქართულ ქარტიასთან”. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S