ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე: "ეჭვი მიჩნდება, ბორელი იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს"
15/10/2024 10:24:21 პოლიტიკა
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გუშინდელ განცხადებას "არაადეკვატურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ეჭვი უჩნედრომ ება, ბორელი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ლობისტურ ჯგუფს შეუერთდა"
"არ ვიცი, ბორელის განცხადებას რა უნდა ვუწოდო. ეს განცხადებები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტისაც კი აღარ არის. მით უმეტეს, ვის გვადარებენ? ქვეყანას, რომელიც ისევ დსთ-ს წევრია და რომელიც საქართველოს ყველა მიმართულებით ჩამორჩება. საზოგადოებისთვის ასეთი განცხადება, სულ მცირე, შეურაცხყოფაა. სამწუხაროდ, მიზანი ისევ ერთია – იმ ლობისტების ჯგუფს ემატება კიდევ ახალი სახელი და გვარები, რომლებიც ღიად არიან ჩართული დესტრუქციული ოპოზიციის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობიზმში. ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან. ამ ვიწრო ჯგუფებს და მათ მიერ ლობირებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, განსაკუთრებით ასეთი სამმაგი, ოთხმაგი და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ღირსეულ პასუხს გასცემს. ბორელის მხრიდან წინასაარჩევნოდ კეთდება განცხადება, რომელიც ყოვლად არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა. როდესაც გამოდიხარ და საქართველოს მოლდოვას ადარებ, ამბობ, რომ საქართველოში ბნელა და მოლდოვაში სინათლე და დემოკრატიის შუქურაა, როგორ შევაფასოთ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება? ამის შემდეგ ობიექტური ეჭვი მიჩნდება, რომ ბორელი ამ განცხადებით იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს. იქნებ, აგვიხსნას, რომელი კრიტერიუმებით და რა ფაქტებზე დაყრდნობით გვესაუბრება. ამას ახსნა არ აქვს – ეს არის წინასაარჩევნო მშრალი განცხადება, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული. ამის შემდეგ რატომ არ უნდა გამიჩნდეს ეჭვი, რომ ეს რაღაც დონით ლობიზმს და წინასაარჩევნო პერიოდში უხეშ ჩარევას ემსახურება?“, – აღნიშნა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ირაკლი კირცხალიამ.
რა თქვა ბორელმა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის. ამის შესახებ მან 14 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია და სწორედ ამიტომ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებული.
"საქართველოში კიდევ უფრო "ბნელი სურათია", - თქვა მან მოლდოვაზე საუბრის დასრულების შემდეგ და განაგრძო:
"მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი განცხადებები, ქმედებები, საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს. ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსების კუთხით. დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რაც გადამწყვეტი ტესტი იქნება დემოკრატიისთვის საქართველოში და მისი ევროპული გზისთვის".


