Accentnews.ge
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“: გურიაში ჩვენს წევრებს თავს დაესხნენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“: გურიაში ჩვენს წევრებს თავს დაესხნენ

15/10/2024 14:58:24 პოლიტიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, გურიანთაში ენმ-ის ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს თათია ნიკოლაშვილს თავს დაესხნენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ „ოცნების ზონდერების“ მხრიდან თავდასხმა იმ დროს განხორციელდა, როცა „ერთინობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ, სადაც ენმ-ის ინფორმაციით, „ოცნების“ მომხრეები სიებს ადგენდნენ.

„ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნების“ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება – საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ. მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე“, – თქვა დავით მჟავანაძემ.

თათია ნიკოლაშვილი შესაბამის ორგანოს რეაგირებისაკენ მოუწოდებს:

„კადრები გადაღებული გვაქვს, შემდეგ ეს ძალადობა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ ეს ვეღარ გადავიღეთ, რადგან ჩანს ვიდეოშიც, რომ ტელეფონი წაგვართვეს. ბოლო დღეებს რომ ითვლიან, სწორედ იმ რეჟიმის ძალადობრივი ქმედებებია. გვაქვს სამართალდარღვევის ფაქტები და ყველა შესაბამის ორგანოს მოვუწოდებთ რეაგირებისაკენ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S