კობახიძე – სავარაუდოდ, ISFED–სა და TI–ზე: "ქვეყნდება ადგილობრივი ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები"
16/10/2024 06:40:00 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ– მინისტრი ირაკლი კობახიძე სავარაუდოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) და „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მათ "ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშებს" უწოდებს.
„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია დაკვირვებისთვის. ჯერ კიდევ თებერვალში მოვიწვიეთ ეუთო-ოდირის გრძელვადიანი მისია, სხვა მისიებიც. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთვის ამ არჩევნებზე. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, უკეთესი იქნება ჩვენთვის. მით უმეტეს, ქვეყნდება ადგილობრივი ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები, ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს პივიტი, სხვა მონაცემები და იგივე სულისკევეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი „ენჯეოები“, განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" (TI) აცხადებენ, ორგანიზაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს პერიოდულად ანახლებს.
მისი ინფორმაციით, 11– 13 ოქტომბრის პერიოდში სავარაუდოდ, საარჩევნო დარღვევების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გუშინ „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) საარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, მათ შორის აღნიშნული იყო, რომ "მნიშვნელოვნად გაზრდილია წინასაარჩევნო პერიოდში რუსული საინფორმაციო ოპერაციები". მისივე ცნობით:
"ფეისბუქთან" ერთად, არაოფიციალური კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა "ტიკტოკის" პლატფორმაზეც. საანგარიშო პერიოდში 98-მა ანგარიშმა 2 562 ვიდეო გამოაქვეყნა და ჯამში 30 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედმა არხებმა მეტი ვიდეო გამოაქვეყნეს და მეტი ნახვა დააგროვეს, ვიდრე ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედმა. ამასთანავე, პროსახელისუფლებო კამპანია პროოპოზიციურზე მასშტაბური იყო; სოციალური მედიის პლატფორმებზე, ძირითადად, ტიკტოკზე, გავრცელებული მადისკრედიტირებელი კონტენტის ნაწილის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული. კერძოდ, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც პოლიტიკოსების ხმების იმიტაციები აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით იყო შექმნილი".
გარდა ამისა,ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ "ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზებით ცდილობენ".


