Accentnews.ge
კობახიძე – აშშ–ის მხრიდან შესაძლო ახალ სანქციებზე: "დარწმუნებული ვარ, რომ პრაგმატულად იმოქმედებენ"

კობახიძე – აშშ–ის მხრიდან შესაძლო ახალ სანქციებზე: "დარწმუნებული ვარ, რომ პრაგმატულად იმოქმედებენ"

16/10/2024 07:03:47 პოლიტიკა

"ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება, ფიქრობდეს თეორიულად საქნციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს. სანქციები არის კონტრპროდუქტიული, ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წლეს ნაბრძოლი ადამიანი, ასეთი შცდომები არ შეიძლება, დუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.

31 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა განხილვის დაწყებიდან მესამე დღეს დაასრულა და სათათბიროდ გავიდა.

16 სექტემბერს აშშ–მა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა. "აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან, ასევე საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობდნენ, პირდაპირ ან ირიბად ჩაერთვნენ მშვიდობიანი გამოხატვის ძალადობრივი გზით ჩახშობაში", – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ოთხივე შეყვანილია ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" და ამ სიის წევრი პირველი ქართველები არიან.

16 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დამატებით ზომებს იღებენ".

20 სექტემბერს "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა".

9 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა ე.წ. „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერების შესახებ. საოქმო ჩანაწერში ნათქვამია: „არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“.

სასამართლოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.

ამასთან, სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „აგენტების კანონის“ საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი.

15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 10 წლის განმავლობაში პირველად, ბრიტანეთმა გადავწყვიტა, გაეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასევე თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გაუქმდა და ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეჩერდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S