მეზვრიშვილი: "სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს"
16/10/2024 09:09:12 პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ "სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს".
"ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს და გვახსოვს როგორ დასრულდა“, –აცხადებს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის: სუს–ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”.
მოგვიანებით, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა:
"სუს-მა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარუდგინა. პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ".


