Accentnews.ge
პაპუაშვილი: "ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან გვარამიას და მისი გუნდის სახით, ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ „რუსთავი 2“-ში იქნება ეს, თუ „მთავარ არხში“

პაპუაშვილი: "ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან გვარამიას და მისი გუნდის სახით, ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ „რუსთავი 2“-ში იქნება ეს, თუ „მთავარ არხში“

16/10/2024 11:11:40 პოლიტიკა

"ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან გვარამიას და მისი გუნდის სახით, ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებენ „რუსთავი 2“-ში იქნება ეს, თუ „მთავარ არხში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

„ამ კონკრეტული შემთხვევის დეტალები არ ვიცი, რაც ვნახე, შიგნით კომპანიაში არის დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, სახეზეა მამხილებელი, რომელიც შიგნიდან ამხელს იმ თაღლითურ სქემებს, რომელიც როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაშია. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ეს უნდა შეისწავლონ, თუმცა, ეს კარგად აჩვენებს, თუ ვისთან გვაქვს საქმე. თაღლითებმა, რომელიც ფულის გათეთრებით, „შავი ფულის“ მედიაში შემოდინებით ცდილობენ შექმნან მედიამენეჯერების თუ ჟურნალისტების ანტურაჟი. გვახსოვს, ისეთ აბსურდამდე მივედით, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ტელევიზიებს დასდევდა და ხურავდა, წარმოგვიდგენდა, როგორც ტანჯულ ჟურნალისტს, რომელიც ციხიდან უნდა გათავისუფლებულიყო. სამწუხაროდ, მათ ამას მიაღწიეს კიდეც. მაშინ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურებიდან ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა მოხდა და ჩარევით მოხდა ნიკა გვარამიას შეწყალება. ადამიანებს როცა უკანონობის ერთი სტილი აქვთ, შემდეგ ამ სტილს აღარ სცილდებიან. ამიტომ, ვნახოთ, იმედია, ამ საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან და უფრო მეტი გვეცოდინება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: 15 ოქტომბერს „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის გიორგი ქურდაძის წერილები. ტელევიზიის მტკიცებით, ქურდაძე აღწერს სქემას, რომლითაც „მთავარ არხში“ ფული სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს.

დღეს თემაზე კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

„ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა გამოკვეთილია ახალი დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალები ასრულებენ ძალიან ნეგატიურ როლს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას და ის, რომ კონკრეტული ტელევიზიები, მედიასაშუალებები არიან ქცეული სიცრუის პროპაგანდის ინსტრუმენტებად, ამაშიც შავი ფულის როლი არის განსაკუთრებული. შესაბამისი უწყებები შეისწავლიან ამ საქმეს“.

დღესვე "მთავარი არხი" "რუსთავი 2"–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

"ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, “მთავარ არხზე” ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას.

პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ “მთავარ არხს” არასოდეს განუხორციელებია არც ერთი უკანონო ტრანზაქცია. სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.

ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ “ქართული ოცნება” “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S