კოალიციამ "ცვლილებისთვის" პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა
17/10/2024 08:55:33 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებისთვის" პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, გეგმა "444" გულისხმობს სისტემურ ცვლილებებს და არამხოლოდ ხელისუფლების ჩანაცვლებას.
"პირველ რიგში, 4 არის ჩვენი საარჩევნო ნომერი ბიულეტენში. მეორე - ჩვენ გვაქვს ცვლილებები ოთხ ველში, ოთხ სეგმენტში საზოგადოებრივი ცხოვრების. გვაქვს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ცვლილება სხვა მიმართულებებითაც, მაგრამ ეს ოთხი არის მთავარი, რომელიც გვინდა გავაცნოთ ამომრჩევლებს, ვიდრე ისინი გავლენ ხმის მისაცემად. მესამე ოთხიანი - ეს არის 4 დღე - 4 დღის შემდეგ კოალიციური მთავრობის შეკრებიდან და ახალი პარლამენტის დამტკიცებიდან",- განმარტა გვარამიამ.
მისი თქმით, კოალიცია აპირებს, წარადგინოს 4 სფეროს მთავარი ინიციატივები.
"ევროკავშირთან ინტეგრაცია - 4 დღის განმავლობაში, ჩვენ გვპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს "ქართული ქარტიიდან", საქართველოს ისტორიული არჩევანიდან და საქართველოს მოსახლეობის არჩევანიდან. ასევე, ეს გამომდინარეობს იმ სამუშაოდან და იმ განცხადებებიდან, რომელსაც ქართველები, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაწარმოებთ საერთაშორისო მიმართულებით და განსაკუთრებით ევროკავშირში. პირველ რიგში, ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ბოლო თავისი განცხადებებით გვამცნო, რომ დაუყოვნებლივ იქნება აღდგენილი ევროკავშირთან ურთიერთობები და არათუ აღდგენილი, არამედ დაჩქარებული და წინ წასული, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი შეიცვლება.
დემოკრატიის სფერო - ვეყრდნობით "ქართულ ქარტიას" და აქაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის როლი არის წამყვანი. ჩვენ, "კოალიცია ცვლილებისთვის" მხარს ვუჭერთ "ქართულ ქარტიას", რომლის სულისკვეთებასაც გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის, მე ვიტყოდი, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე, თუ არჩევნების შემდეგ.
დემოკრატიის საკითხები ასევე მოიცავს ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებას - ყველა რუსული კანონის გაუქმებას. ოთხ დღეში ჩვენ ამ ინიციატივას დავაყენებთ და ეს არ არის მხოლოდ ერთი რუსული კანონი, რომელზეც აქციები გაიმართა. ძალიან ბევრი რუსული კანონი იქნება მიღებული ამ თვეებისა და წლების განმავლობაში და ყველას გაუქმება არის უმნიშვნელოვანესი, თუ ჩვენ გვინდა ევროპასთან დაახლოება.
ასევე ეს არის სასამართლოს რეფორმით სვლა და ა.შ. ეს სავსებით შესაძლებელია პარლამენტის დაფუძნების და კოალიციური მთავრობის ფორმირებიდან 4 დღის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ხედვები ყველა ამ მიმართულებით, მათ შორის, სასამართლოს რეფორმის და ე.წ. კეთილსინდისიერების შემოწმების, ანუ ვეტინგის მიმართულებით, ჩვენ გპირდებით, რომ 4 დღეში წარმოვადგენთ ამ ინიციატივებს",- თქვა გვარამიამ.
რაც შეეხება ეკონომიკას, გვარამიამ განმარტა, ამ ეტაპზე კოალიცია არარეალურ დაპირებებს არ გასცემს, თუმცა იმუშავებს იმისთვის, რომ განხორციელდეს იმგვარი ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს როგორც პენსიონერების მდგომარეობას და უზრუნველყოფს ფულის მასების შემოდინებას ქვეყანაში:
"ეკონომიკის მიმართულებით 4 დღეში ჩვენ ვაპირებთ შემდეგი ინიციატივების განხორციელებას: გადასახადების შემცირება - საშემოსავლო გადასახადის დაწევა 15%-მდე, მცირე ბიზნესისთვის, რომელიც 400 000 ლარზე ქვემოთ არის ბრუნვით დღგ-ს საერთოდ გაუქმებას და დღეს ეს თანხა 100 000-ზეა და ასევე, მოგების გადასახადის შემცირება 5%-მდე. ჩვენი გათვლებით, ეს შეეხება 4-დან 3-მ ბიზნესს საქართველოში, ანუ 75%-ს და ეს უმთავრესად არის საშუალო და მცირე მეწარმეები."
"ჩვენ ვგეგმავთ მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის გაორმაგებას - 160 მილიარდზე მეტი იქნება ეკონომიკა ჩვენი გეგმებს განხორციელების შემდეგ" - დასძინა გვარამიამ.


