Accentnews.ge
ვაშაძე: პირობას ვდებ, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ გაისუსება

ვაშაძე: პირობას ვდებ, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ გაისუსება

17/10/2024 09:56:25 პოლიტიკა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების პირობას დებს. წარსულში სუს-ი შსს-ს ნაწილი იყო და შემდეგ ჩამოაყალიბეს ცალკე ინსტიტუციად.

„სუს-ი საქართველოში არის უკანონობის, აღვირახსნილობისა და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების, ყველა სიბინძურის წყარო. ვეუბნები სუს-ის უფროსს, თქვენი სამსახური გაუქმდება როგორც კი ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ „კაგებეშნიკურ“ მოქმედებებს საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბარებთ წარსულს. პირობას ვდებ, სუს-ი საქართველოში საბოლოოდ გაისუსება და არასდროს აღარ იარსებებს! რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ყველა ეს ნარატივი ყალბია, ისევე როგორც ყალბია სუს-ის ანატომია",- ამბობს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უწყების არჩევნების წინ გავრცელებული განცხადება გაფრთხილებაა, რომ პროცესში ჩართულმა პირებმა „წითელი ზღვარი არ გადაკვეთონ“.

საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაზე “ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული“ ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაზე, რომლებმაც ხელოვნური დესტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს.

ამასთან, ამბობს, რომ ჩადაწერები "სუსიდან არ არის".

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის, იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუსიდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში“,- უთხრა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიას.

სუს–ის მიერ 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”.

მოგვიანებით, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების“ გამავრცელებლებში პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა:

"სუს-მა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარუდგინა. პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S