„ერთიანობის" წევრები აცხადებენ, რომ აჭარაში სააგიტაციო მასალის გაკვრაში პოლიციელებმა შეუშალეს ხელი
17/10/2024 10:27:13 პოლიტიკა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, აჭარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის წევრებს სააგიტაციო მასალის გაკვრაში პოლიციამ შეუშალა ხელი და პარტიის კუთვნილი ავტომობილი, რომელშიც სააგიტაციო მასალა იყო მოთავსებული, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.
პარტიის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ვარაუდობს, რომ პოლიციელები „ქართული ოცნების“ შტაბიდან იღებდნენ დავალებას.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკრავდნენ სააგიტაციო მასალას, რა დროსაც გადაადგილების დროს პოლიციამ შეაჩერა ისინი და მოითხოვა მათი გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში, თითქოს და საარჩევნო ბანერის დაზიანების მიზნით შესული იყო შეტყობინება, რაზე დაყრდნობითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ამ გამოძიების ფარგლებში უნდა გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში.
ჩვენ დროულად გამოვცხადდით ადგილზე და ვკითხეთ თუ რის საფუძველზე გადაჰყავდათ ეს ადამიანები პოლიციის განყოფილებაში. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მითითებებს იღებდნენ ტელეფონით უცხო პირებისგან, სავარაუდოდ „ოცნების“ შტაბიდან და მანქანა, რომელშიც იყო სააგიტაციოა მასალა, გადაიყვანეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოძიების ფარგლებში. ღამის ორ საათზე გამოიძახეს ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები. როგორ ჩანს, ივანიშვილი ხედავს, რომ კარგავს ხელისუფლებას და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვიშალოს,“ - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.


