მიქანაძე ბორელს წინასაარჩევნო პროცესებში "პირდაპირი და უხეშ" ჩარევაში ადანაშაულებს
17/10/2024 11:46:43 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის კრიტიკულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე სამწუხაროს უწოდებს და წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევად განიხილავს. ამის შესახებ მან კომენტარი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„სამწუხაროა. არჩევნებამდე 10 დღეც არ დარჩა და მსგავსი განცხადებები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისა და წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირი და უხეში ჩარევა. რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ასულდგმულებს სწორედ მსგავსი განცხადებები. ზუსტად ამაზე მივუთითებთ, როდესაც ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით კი არ აწარმოებენ კომუნიკაციას წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, არამედ მათი ძირითადი კამპანია წარმოებს უცხოეთში, სადაც ისინი დეზინფორმაციას ეწევიან და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ახდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფ ბორელის მხრიდან კეთდება მსგავსი განცხადება, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნებში მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა პროცესი წარიმართება დემოკრატიულად და რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ამომრჩეველი იღებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, ეს ურთიერთობები ძალიან სწრაფად გადაიტვირთება და წავა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ დინამიკაში“, - თქვა მიქანაძემ.
ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე, რომელზეც საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნების მნიშვნელობას და თქვა, რომ აშკარად ფიქსირდება საქართველოში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა
„საქართველოში აშკარად დემოკრატის მიმართულებით უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა - ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
"აგენტების კანონის" მიღებისა და მზარდი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპელი პარტნიორების კრიტიკა გამკაცრდა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, რასაც არ იზიარებს საქართველოს მმართველი პარტია.
პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები "გადაიტვირთება".


