"მეორე ფრონტზე" ამჯერად ლავროვი ალაპარაკდა
18/10/2024 13:58:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე" კვლავ ალაპარაკდნენ მოსკოვშიც. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის - მარია ზახაროვას 16 ოქტომბრის განცხადების შემდეგ დღეს დასავლეთი საქართველოში "მეორე ფრონტის მოწყობის" მცდელობებში თავად მინისტრმა ლავროვმაც დაადანაშაულა.
"დასავლეთის ქვეყნები არ ეშვებიან მცდელობებს, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნან და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარების დესტაბილიზაციას მიაღწიონ" - განაცხადა სერგეი ლავროვმა "3+3" რეგიონული პლატფორმის რიგით მესამე სხდომის შედეგების შეჯამებისას.
მისივე მტკიცებით, "რისკების უმრავლესობა, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვადევნებთ თვალს, დასავლეთის სწორედ ამ მცდელობებთანაა დაკავშირებული".
"თავად ამ მცდელობების მიზანს კი წარმოადგენს რეგიონში საკუთარი გავლენის მაქსიმალურად გამყარება, უპირველესად კი - ყოველმხრივი ხელისშეშლა რუსეთისთვის, რეგიონის ქვეყნებთან და მათ შორის თანასწორუფლებიანი ურთერთსასარგებლო თანამშრომლობა დაამყაროს" - განაცხადა ლავროვმა.


