უცხოური მედია – "ოცნების" რეიტინგზე: 2020 წელს დაახლოებით 50% მიიღო, ახლა მას ნაკლები მხარდაჭერა აქვს
21/10/2024 08:15:58 პოლიტიკა
უცხოური მედია 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ მარშს სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ეხმიანება და წერს, რომ ქუჩებში ევროპული კურსის მხარდასაჭერად ათი ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.
"ევროკავშირისა და საქართველოს დროშებში გახვეული ქართველები კვირას თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, რათა მხარი დაეჭირათ ოთხი მთავარი პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფისთვის, რომლებიც მომავალ შაბათ-კვირას იყრიან კენჭს", – იუწყება Reuters.
როგორც გამოცემა წერს, "26 ოქტომბრის არჩევნები ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება თუ პროდასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს".
"ევროკავშირმა გასულ წელს საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, რაც პირველი ეტაპია საბოლოო წევრობისკენ. თუმცა ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მიიღო, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, იმის მტკიცებულებაა, რომ ის ["ქართული ოცნება"] რუსეთისკენ ტრიალდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ "საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს პრეზიდენტად "ქართული ოცნების" მხარდაჭერით აირჩიეს, მაგრამ მას შემდეგ იგი გახდა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი".
გამოცემა წერს, რომ მარშს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა და "ევროკავშირის მხარდამჭერი გზავნილი გაავრცელა".
გარდა ამისა, Reuters ყურადღებას ამახვილებს, მმართველი პარტიის რეიტინგზეც:
- "საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ რჩება ყველაზე პოპულარულ პარტიად ქვეყანაში, თუმცა მას 2020 წლის შემდეგ, როდესაც მოიპოვა ხმების თითქმის 50% და მცირე საპარლამენტო უმრავლესობა, ნაკლები მხარდაჭერა აქვს".
თბილიში გამართულ მარშს, მათ შორის Euronews ეხმიანება და ისიც აღნიშნავს, რომ ათიათასობით ქართველმა მსვლელობა მოაწყო თბილისის ქუჩებში, რათა მხარდაჭერა გამოეხატა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი.
გამოცემა წერს, რომ "26 ოქტომბრის არჩევნები ფართოდ განიხილება, როგორც პროცესი იმის დასადგენად, დაბრუნდება თუ არა საქართველო რუსეთის ორბიტაზე, თუ გააგრძელებს პროევროპულ გზას".
"გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შეაფერხა ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების შანსები", – იუწყება Euronews.
სტატიაში აღნიშნულია, რომ "პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის პროევროპული, დიდი ხანია, უთანხმოებაა პარტია „ქართულ ოცნებასთან“.
Reuters–ის მსგავსად, Euronews–იც ამახვილებს ყურადღებას "ოცნების" რეიტინგზე:
- "საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" რჩება ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პარტიად, ზოგიერთი გამოკითხულის მოლოდინით, ის ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს".
თბილისში გამართულ აქციაზე სტატიას France 24–ის აქვეყნებს. გამოცემა მმართველი პარტიის რეიტინგზე არაფერს წერს, თუმცა შემდეგს მიუთითებს:
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან არის და თავდაპირველად ლიბერალურ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კურსი შეიცვალა და მას მოსკოვთან დაახლოებაში ადანაშაულებენ".
France 24 იქვე დასძენს, რომ გამოკითხვების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 80% ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მომხრეა.
ცნობისთვის: "ქართული ოცნების" ლიდერები ირწმუნებიან, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი სადღეისოდ დახლოებით 60 %–ია.
- "შეიძლება, ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ "ოცნება" აიღებს დახლოებით 60 %–ს და "კოლექტიური ნაცმოძრაობა" წააგებს ამ არჩევნებს, შეიძლება, ვიღაცას ეწყინოს, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს. სადღეისოდ ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%",– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 18 ოქტომბერს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


