ენმ: "გურიაში კრიმინალი "ზონდერები" და მოჭიდავეები ჰყავთ ჩამოყვანილი, რათა ადამიანებზე იძალადონ"
21/10/2024 09:36:14 პოლიტიკა
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებმა - დავით მჟავანაძემ და თათია ნიკოლაშვილმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ "ქართულ ოცნება" გურიაში ე.წ. "ზონდერები" მობილიზებას ახდენს ხალხის არჩევანზე გავლენის მოხდენის მიზნით.
მათ კონკრეტული ადამიანებიც დაასახელეს.
"არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და "ქართული ოცნება" კრიმინალებზე, "ზონდერებსა" და დამნაშავეებზე დაყრდნობით ცდილობს, ქართველ ხალხს არჩევნები მოპაროს. ამის ნათელი დადასტურებაა ვინმე ნონიაშვილი, რომელსაც საკმაოდ მძიმე სასჯელი ჰქონდა და ის ციხიდან "ქართულმა ოცნებამ" გამოუშვა. ასევე არის ვინმე გიორგაძე, რომელიც რამდენჯერმე არის ნასამართლევი.
ბიძინა ივანიშვილი გურიაშიც მარცხდება და ამაზე მათთვის თავგამოდებული ჩხარტიშვილი და ვასილ ჩიგოგიძეც მიუთითებს - გურიაში კრიმინალი ზონდერები და მოჭიდავეები ჰყავთ ჩამოყვანილი იმისთვის, რომ ადამიანებზე იძალადონ. ნონიაშვილი, რომელიც გლდანის "მაყურებელი" იყო და სასჯელს პროკურორის მკვლელობისთვის იხდიდა, ციხიდან ვასილ ჩიგოგიძემ გამოუშვა. ასევე, გურიაში სრული მობილიზება აქვთ ძმებ გეგეშიძეებს, რომლებიც კორცხელის ინციდენტშიც მონაწილეობდნენ. ასევე, არის ირაკლი დოლიძე, იგივე დოლა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ბოლო დღეებს ითვლის და ადამიანებზე ზემოქმედებითა და ძალადობით ცდილობს, გურიაში ხმები აიღონ". - ითქვა ბრიფინგზე.
"ქართულ ოცნებაში" ჯერ ბრალდებისთვის არ უპასუხიათ.


