მეზვრიშვილი: გუშინ პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა
21/10/2024 10:03:56 პოლიტიკა
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ გუშინ, 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ყოვლად მიუღებელი ქმედება „ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს ამაღლების ქუჩაზე თავს დაესხა" მისი გუნდის წარმომადგენლებს.
მეზვრიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი არის დავით დვალი, რომელიც კახა კალაძის მძღოლის შვილია და დავით არჩვაძე, რომელიც „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
"სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" იმ დონემდე მივიდა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენა ახალგაზრდები",- თქვა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ 10 დღეზე მეტია, რაც ამაღლების ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა უწყებისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
"უმოქმედობას კონრეტული შედეგები მოჰყვა სხვა შემთხვევებშიც:
- ქსანში ჩვენი გუნდის წევრ ლია ყოჩიშვილის მიმართ მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიების დაწყების ნაცვლად, 19 ოქტომბერს დაზარალებულ ლია ყოჩიშვილის დედას თავს დაესხა კორუმპირებული დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გია ჯიქია მისი არასრულწლოვანი შვილის მეშვეობით. აქაც „ოცნებამ“ არასრულწლოვანი გამოიყენა.
- სენაკში სკოლის დირექტორის შორენა შამათავას უკანონოდ გათავისუფლებაზე რეაგირების ნაცვლად, სკოლის მოქმედმა დირექტორმა 3 ოქტომბერს შორენა შამათავას მიმართ ზეწოლა მისი პოლიციის უფროსი ქმრის მეშვეობით გააგრძელა, რის გამოც ემოციურ ნიადაგზე შორენა შამათავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. განგრძობად დანაშაულზე რეაგირების ნაცვლად კი, 19 ოქტომბერს პოლიცია დანაშაულის მიჩქმალვას შეეცადა და შორენა შამათავა პოლიციაში იმისთვის დაიბარეს, რომ დაეფიქსირებინა თითქოს პრეტენზია არ ჰქონდა.
- ვანში პოლიციის უფროსის მიერ ჩვენი გუნდის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ნაცვლად, ჩვენი გუნდის წევრ გიორგი სვანაძის მიმართ ადევნება და თვალთვალი გრძელდება".
მეზვრიშვილი ხაზს უსვამს, რომ საგამოძიებო ორგანოებში შეტანილ არც ერთ საარჩევნო დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა, "რაც გზას უხსნის წინასაარჩევნო კვირაში კიდევ უფრო მეტ ძალადობას”.
გუშინ 20 ოქტომბერს თბილისში მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართა. მარშის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომლის სიტყვით გამოსვლისას „მონოგრაფის“ შენობიდან მას ლაზერებს ანათებდნენ.


