პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნების შემდეგ დაასახელებს
22/10/2024 17:18:05 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ანგარიშს უწევს ოთხი ოპოზიციური პარტიის პოზიციას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ტექნიკურ მთავრობას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაასახელებს.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკვე ჰყავს პრემიერობის კანდიდატი შერჩეული, თუმცა დისონანსის თავიდან არიდების მიზნით არ ამჟღავნებს მის ვინაობას.
"მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი - ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ მე ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, იმიტომ რომ აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს და მათგან მოვისმინე, რომ ისინი თვლიან, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. მართალია მათი ინტერპრეტაცია ქარტიის, რომ არ წერია იქ, მანამდე უნდა იყოს თუ მერე და რადგან მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების მერე იყოს... ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა: ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული, არის ბევრად ადვილი მათთვის, რომ შეჯერდნენ ეს პარტიები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ხედვა და არ არის ეს ერთი ჯგუფი... ამას შევძლებთ და ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს ტექნიკური მთლიანად, შეიძლება იყოს შერეული, ამაზეც დავიწყებთ შეჯერებას არჩევნების შემდეგ. უკვე იყო რაღაც საუბრები, მაგრამ ამისი დრო მოდის მერე და ამაზე მეც მინდა, რომ ამომრჩევლებსა და საზოგადოებას ვუთხრა, რომ არსად მივდივარ, აქ ვარ, არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას." - ამბობს ზურაბიშვილი.
ამასთან მან ამომრჩეველს მიმართა პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით.
„ამომრჩეველი არის ყველაზე ბრძენი და მე მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩათვალეთ, რომ არჩევანი გაქვთ - ოთხი პარტია. შეიძლება არც ერთი არ იყოს თქვენთვის იდეალური, მაგრამ ჯამში, ესენი არიან ჩვენი მომავალი. ჩვენ შემდეგ ვნახავთ ზოგი პარტიის გარდაქმნას, ალბათ, ვნახავთ ახალ პარტიებს. შიში და ცესკო-ზე კონტროლი რომ მოიხსნება, ბევრად უფრო ღია იქნება საარჩევნო სივრცე. ნუ გეშინიათ ხმა მიეცით იმას, ვინც უახლოვდება თქვენს მსოფლმხედველობას. იცოდეთ, რომ ეს პარტიები ჩემს წინაშე არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ „ქართული ქარტია“ , რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში. ამაზე ყველას პასუხს მოვთხოვ. [...]
ეს ოთხი პარტია არის მედიატორი იმისთვის, რომ ჯამში მივიღოთ ის პროცენტები, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, რომ მარტივად იყოს მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც „ქართულ ქარტიაში“ გვიწერია, მარტივად გავაუქმოთ „რუსული კანონები“. ნუ გეშინიათ და „ქარტიის“ ხმები მეც მომეცით ამ ფორმით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულასთან.


