პრეზიდენტი: ივანიშვილს ეშინია რუსეთის, მაგრამ ეს არ არის არც ქვეყნის, არც საზოგადოების, არც ამ არჩევნების პრობლემა
22/10/2024 17:42:18 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ მას რუსეთის ეშინია.
ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი გაუკეთა - „ჩაუკეტეს აფხაზეთისა და ოსეთის თემა“.
„მგონია, რომ მასაც [ბიძინა ივანიშვილს] ძალიან ეშინია რუსეთის დღეს. ყველა მიმართულებით კი დაემორჩილა, ყველაფერი რაც სთხოვეს გაუკეთა, მაგრამ, რეალურად, რუსეთმა არაფერი გაუკეთა - ჩაუკეტეს აფხაზეთისა და ოსეთის თემა. საქართველოში ყველა რეჟიმს, რომელსაც აქვს პრობლემა, ცდილობს ამ თემით გაიცოცხლოს თავი. ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს მაშინ, როდესაც ხელისუფლება არის მყარი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა. ამ პირობებში შეიძლება იფიქრო რამე სტრატეგიაზე. ჩვენი გაერთიანების ძირითადი სტრატეგია, მაინც არის ევროპაში და ევროკავშირში. ამ ასოციაციებით მოვახდინოთ ჩვენი ხალხის შეერთება",- თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, "მას ეშინია რუსეთის, მაგრამ ეს არ არის, არც ქვეყნის, არც საზოგადოების პრობლემა, არც ამ არჩევნების პრობლემა. ჩვენი მომავალი უნდა გადავწყვიტოთ საღად, წყნარად, მშვიდობიანად და მას დავუტოვოთ თავისი შიშები და ოფოფები“.
მისივე თქმით, ივანიშვილმა და მისმა პარტიამ "აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი პირველი პერიოდი მიყვებოდა ხელისუფლება":
"აურია და დაგვტოვა იზოლაციაში. ამიტომ, სიტყვა დალაგება არ იარსებებს, რადგან ასე არ ლაგდება. დალაგება იქნება, როცა მოვა ახალი მთავრობა. ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელიდან თუ აქ, ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ამ მთავრობის პირობებში, ამ მთავრობის რიტორიკისა და გადაწყვეტილებების ფონზე არანაირი დალაგება არ იქნება. როგორ წარმოუდგენია მას, დალაგდება და “რუსული კანონი” იქნება, “ოფშორების” კანონი იქნება, დისკრიმინაციული პოლიტიკა იქნება და ამ ყველაფრის ფონზე დალაგდება? თუ ეს არის პერსონალური გარანტია იმიტომ, რომ ადამიანი შეშინებულია და ამის გამო არავის უნდა, ქვეყანა არის, ეს სხვა საკითხია და დალაგება ახალი მთავრობის საქმე იქნება, რომელიც მოვა დიდი უმრავლესობით და რომელიც ნამდვილად დაალაგებს (ამის პირობა მაქვს მიღებული), ყველა მზად არის და ელოდება, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოიხატოს თავისი ნება და დაუბრუნდეს პროდასავლურ და პროევროპულ პოლიტიკას. პრორუსული პოლიტიკის ფონზე არაფერი დალაგდება. ისეთი პროცესია დაწყებული, რომ ერთი სიტყვის გადაგდების ფონზე არაფერი დალაგდება.
მის გამოსვლაში მეორე აქცენტი იყო ვირტუალურ პოლიტიკაზე, რომ არ შეიძლება ვიცხოვროთ ვირტუალურ გარემოცვაში და რეალურად, მისი სიტყვა იყო ვირტუალური - ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმების სტატისტიკაზე ისაუბრა. უმუშევრობამ იმის ფონზე იკლო, რომ ქვეყნიდან გავიდა უამრავი ადამიანი. ნურავინ დაიბრალებს, რომ დასაქმება გაიზარდა, რომ ეკონომიკა ყვავის. გაესაუბრონ ნებისმიერ მოქალაქეს ქალაქში ან რაიონში და ჰკითხონ, როგორ აისახა პირადად მასზე ამ ეკონომიკის ბუმი. მეც ვხედავ, როგორ ფეშენებელურ სახლებს იშენებენ და ეს არ არის ჩვეულებრივი მოქალაქის ხელფასით აშენებული სახლები - ისინი შენდება სწორედ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე” - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილის კონსპირაციული აზროვნება მაშინ ჩანს კარგად, როდესაც თავის ფულსა და სანქციებზე საუბრობს:
“ეს არის კონსპირაციული თეორიების ფონი, რომელიც მოგვდის საბჭოთა პერიოდიდან და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ადვილად ასათვისებელია ეს კონსპირაციული თეორიები.
ძალიან კარგად ჩანს ეს კონსპირაციული აზროვნება, როდესაც ლაპარაკობს თავის ფულსა და სანქციებზე. მე ძალიან კარგად მახსოვს დასაწყისში, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, მის ირგვლივ ვინც იყვნენ, ადვოკატები და ა.შ. ყველა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ეს არ იყო ამერიკული სანქციები, რომ ასეთი კონსპირაცია და სანქციები უსანქციოდ არ წესდება, თან ამერიკისგან შვეიცარიულ ბანკზე - ვის აქვს დღეს გავლენა, არ ვიცი. მოკლედ, ივანიშვილი ჩაჯდა ამ კონსპირაციაში, რომ ყველა მას ებრძვის და დღეს უცებ გამოდის ამ კონსპირაციიდან და თურმე არაფერი ყოფილა და ყველაფერი დალაგდება, რადგან ფული დააბრუნეს. იგივე არის “გლობალური ომის პარტია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


