პაპუაშვილი დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს: "როგორ შეიძლება, შეედავო რუსეთს, როცა შენ თვითონ არღვევ ამ წესებს"
23/10/2024 07:35:18 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
"ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოური ფულით ფინანსდებიან, ჩაატარეს საარჩევნო აგიტაციის კამპანია. აქ სულელი არავინ არ არის. ნურცერთი ელჩი ჩვენ ნუ დაგვიწყებს საუბარს, რომ ეს ევროპისთვის იყოო. 30 წლის განმავლობაში ჩვენ რაღაც გამოცდილება გვაქვს მე მგონი. ეს იყო აქცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს არის ფაქტი. აქ მნიშვნელოვანია დარღვევის მასშტაბი – უხეშად, დღისით, მზისით, ხალხი, რომელიც ღაღადებს, რომ ღირებულებებია მთავარი, აბსოლუტურად ხაზავს ამ ღირებულებებს და არა უბრალოდ რაღაც სტანდარტების დარღვევით ერევა არჩევნებში, ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპები, რომ სხვის შიდა საქმეებში არ ჩაერიო. დღეს რუსეთს რას ედავება მსოფლიო? ედავება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობას, რომ არ შეიძლება წესები დაარღვიოს ერთმა ქვეყანამ სხვის მიმართ, და როგორ შეიძლება, შეედავო და რა მორალური უპირატესობა გაქვს, რომ შეედავო რუსეთს თუნდაც წესების დარღვევაში, როცა შენ თვითონ არღვევ ამ წესებს და ერევი სხვა ქვეყნის არჩევნებში", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: 20 ოქტომბერს თბილისში ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც მარშით დაიწყო და კონცერტით დამთავრდა.
მასშტაბური გამოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაგეგმა. მოქალაქეების თქმით, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ იმის საჩვენებლად, რომ კვლავ მყარია მათი მხარდაჭერა ცვლილებებისა და დასავლური ვექტორის მიმართ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


