Accentnews.ge
კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

23/10/2024 16:09:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ამის შესახებ მან თავისუფლების მოედანზე მიმდინარე "ქართული ოცნების" აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"2030 წლისთვის ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით მხოლოდ ღირსებით, ქრისტიანობის, ეკლესიისა და მორალის პატივისცემით, დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ - ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და ამისთვის მას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენ ვივლით ასევე მხოლოდ მშვიდობით ევროპისკენ. მშვიდობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და არც ევროინტეგრაცია. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გავუძელით უმძიმეს ზეწოლასა და შანტაჟს და უდიდესი რისკების მიუხედავად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ჩვენ საქართველოს შევუნარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ახლაც, სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის ერთადერთი გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით.

ჩვენ ასევე ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა - საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება", – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ევროპულმა საბჭომ დაადასტურა "ევროკავშირის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე" და ამასთან, კვლავ გამოხატა "სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ ფასეულობებს და პრინციპებს". ამის შესახებ საუბარია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა საბჭოს ორდღიანი სხდომის პირველი დღის ბოლოს, 17 ოქტომბერს გამოაქვეყნეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, "მოქმედებების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს".

  • "ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპეთან შესაბამისი დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.
  • ევროპული საბჭო განაგრძობს საქართველოში სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას და მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა ექნებათ.
  • ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.
  • საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს ევროკავშირის უცვლელ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი", – ნათქვამია დასკვნაში.

ევროკავშირის უმაღლესი ორგანო, ევროპული საბჭო, რომელსაც შარლ მიშელი ხელმძღვანელობს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს და ევროკომისიის პრეზიდენტს აერთიანებს.

18 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "თუ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაიქცევა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ გახდება":

  • "არჩევნები მოდის ერთ კვირაში. ეს თქვენი, ქართველების, არჩევანია, ეს თქვენი გადასაწყვეტია, რაც ეხება თქვენს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს არჩევანს. სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივისცემით მოვეკიდებით თქვენს არჩევანს, თქვენი მომავალი თქვენი გადასწყვეტია და არავისი სხვისი, მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე. ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ამ ღირებულებებზე მოლაპარაკებები არ გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ამომრჩევლები გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნიდან გაგდებას, თუ თქვენ დაუშვებთ, რომ საქართველო გახდეს ადგილი, სადაც არ არის ადგილი თავისუფალი მედიისთვის, თუ გადაწყვეტთ, რომ თითოეული პიროვნების უფლებები საქართველოში არ იქნება დაცული, მაშინ, მინდა, გითხრათ ღიად – საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S