მდინარაძე: "დასცინიან იმ ადამიანს, რომელმაც აჩვენა თავისი დედისა და მამის პატივისცემა, ასეთი ადამიანები არასოდეს დაიჩაგრებიან ამ ქვეყანაში"
23/10/2024 16:57:24 პოლიტიკა
"26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ არა, და ფიზიკურად და სულიერად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავრჩებით თუ არა, არ დავუთმობთ არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ ქვეყანას არავის და საქართველო იქნება გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა იქნება გამარჯვებული. ჩვენ ვიბრძვით არა ცალ ფეხზე მდგომი, არამედ ტრადიციული, ქართული, ეროვნული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით უნდა ვიმოქმედოთ. ეს ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია და ვინ დგას მეორე მხარეს? გარედან დავალებების შემსრულებელი ხალხი და ერთ მაგალითს მოვიტან თუ შეიძლება, თქვენი ნებართვით, რომლებმაც გააგმირეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მამა დაჭრა, რომელმაც სცადა, რომ პოლიციელი ცოცხლად დაეწვა და დასცინიან იმ ადამიანს, რომელმაც აჩვენა თავისი დედისა და მამის პატივისცემა, მათზე ზრუნვა. ასეთი ადამიანები არასოდეს არ დაიჩაგრებიან ამ ქვეყანაში", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ცნობისთვის: დღეს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში აქცია გამართა.
20 ოქტომბერს თბილისში მარში სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართა. მარშის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომლის სიტყვით გამოსვლისას სასტუმრო „მონოგრაფის“ შენობიდან მას ლაზერებს ანათებდნენ. 21 ოქტომბერს მდინარაძემ შემდეგი განაცხადა:
"ლაზერის მიმნათებელი აღმოჩნდა „ჯენზის“ წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს იმ აქციის ორგანიზატორებმა, რომელიც გუშინ ჩატარდა. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ბავშვობა წამართვესო და ლაზერის მინათებაზე მელაპარაკებიანო. ისინი [ოპოზიციონერი ლიდერები] არიან გაოგნებულები გუშინდელ აქციაზე ხალხის რაოდენობით, მიმდინარეობით, ვერც ერთმა სცენაზე ასვლა ვერ გაბედა და დღეს არის სრული ნირწამხდრობა მათი მხრიდან იმიტომ, რომ სცენაზე ვერ ადიან, ხალხი ვერ მოყავთ, რეგიონებიდან ხალხის მობილიზება დაიწყეს და რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოიყვანეს მხოლოდ, მერე კადრებს ისეთი უქნეს, რომ რატომ იკლებენ საერთოდ? რა ათეულობით ათასი, კადრებია ისეთი, ნახევარი მილიონი ადამიანი მინიმუმ დგას. იმდენად საღადაოდ გაიხადეს თავი, რომ გამოდიან და მერე ამუნათებენ „ნაცმოძრაობის“ მსხვერპლს, რომელსაც ბავშვობა წაართვეს".


