მინისტრი: წყლის ჭავლის მანქანები განვაახლეთ
24/10/2024 10:49:35 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახლად გახსნილი ბაზის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრომ რამდენიმე წყლის ჭავლის მანქანა შეიძინა.
„ახალი ტექნიკა შევიძინეთ... წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ, წინა მთავრობის მიერ 2006 ან 2007 წელს შეძენილი მანქანები უკვე დიდი ხნის იყო. მოკლედ, ეს განვაახლეთ. რამდენიმე ცალი, სხვადასხვა მოდიფიკაციის“, - თქვა გომელაურმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება განახლდა - შეძენილია, როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე პისტოლეტები.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაზა მოიცავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელების საცხოვრებელს, სასადილოს და სასწავლო ოთახებს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური აშშ-ის მიერ არიან სანქცირებული.
"მინდა, ყველას ვუთხრა მადლობა, შსს-ს თანამშრომლებს, განსაკუთრებულად, გდდ-ის სპეცდანიშნულების ბაზაზე ვართ და მათ. ეს ადამიანები იცავენ ყოველთვის სამშობლოს, მოქალაქეებს, ომშიც მონაწილეობდნენ. არიან გმირები მართლა, ბატონო ზვიადიც და ლაგაზაურიც"- თქვა გომელაურმა.
პერსონალურად ხარაზიშვილს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც:
"მინდა, მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით, მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, მადლობას ვუხდი ამ დეპარტამენტის, ამ სამსახურის თითოეული წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, მათზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა“.


