მინისტრი მომიტინგეებზე ძალადობის გამოუძიებლობას პოლიციელების "გარჩევის სირთულით" ხსნის
24/10/2024 11:01:27 პოლიტიკა
შს მინისტრმა მისი თანამშრომელის აშშ-ის მიერ დასანქცირებას "სამწუხარო" უწოდა და გამოთქვა რწმენა, რომ საკითხი "აღმოიფხვრება.
მისივე თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სანქცირებული ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი „არსად იმალება“.
„რაც შეეხება სანქციების საკითხს, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღმოიფხვრება ეს თემა და სანქციები არჩევნების შემდეგ მოიხსნება. ნამდვილად გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდნენ. მაშინ ბრძანება ვინ გასცა? ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი“, - თქვა გომელაურმა.
მინისტრის თქმით, აქციების დროს „იყო არასასიამოვნო ფაქტები, რომელიც არავის მოეწონებოდა“. სავარაუდოდ, გულისხმობს საპოლიციო ძალების მხრიდან მომიტინგეებზე ძალადობას. საუბარია ძალადობის არაერთ ეპიზოდზე, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მათგანი გამოძიებული არაა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჭიანურდება გამოძიება, გომელაურმა განმარტა, რომ შსს-ის თანამშრომლების გარჩევა რთულია.
„შეიძლება, იყო ვთქვათ „გადამეტება“, მაგრამ ყველაფერს გამოძიება სჭირდება. თუმცა, ის , რომ ნომრები აქვს ყველას, ასე არ არის და გარჩევა ნამდვილად რთულია“, - განაცხადა გომელაურმა.
შეგახსნებთ, რომ საპოლიციო ძალები ნიღბებით იყვნენ წარმოდგენილნი და მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ. საუბარი არ არის მხოლოდ "რობოკოპებზე".
გომელაურმა თქვა, რომ აქციებზე პოლიციელებიც დაშავდნენ, მათ შორის მძიმედ, მაგრამ დღემდე ვერ გამოიძიეს:
„ყოველთვის თავდასხმები იწყება ოპოზიციური აქციის მონაწილეების მხრიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძალა არ გამოვიყენოთ. ახლახან იყო პარლამენტის შტურმი, ბიჭებს თავი დაუტეხეს, შიგნით ქვებს ისროდნენ, ცეცხლი წაკიდეს, დაწვეს, ეს ხომ ფაქტი იყო?!“.


