Accentnews.ge
ცუცქირიძე სოლიდარობას უცხადებს "ატლანტიკური საბჭოს" ქართველ მკვლევარებს

ცუცქირიძე სოლიდარობას უცხადებს "ატლანტიკური საბჭოს" ქართველ მკვლევარებს

24/10/2024 11:09:19 პოლიტიკა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა "ატლანტიკური საბჭოს" ქართველი მკვლევარების სახლებში ჩარაებულ ჩხრეკებს და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.

მან „ქართული ოცნების“ მოქმედებებს დასკვნითი აქტის აბსურდი უწოდა და საზოგადოებას სიმტკიცისკენ მოუწოდა.

„2023 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ დაკარგა მხარდაჭერა თბილისში, 2024 წლის გაზაფხულზე მან დაკარგა მხარდაჭერა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას საბოლოოდ გამოეცალა მხარდაჭერა საქართველოს ყველა რეგიონში, მან დაკარგა მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სექტორში და მათ შორის იმ ადამიანებში, რომლებიც გუშინ ჰყავდა თავის შეკრებაზე ჩამოყვანილი. ამასთანავე, საკუთარი მტრული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით, მათ დაკარგეს საერთაშორისო მხარდაჭერა და მოექცნენ საერთაშორისო იზოლაციაში. მათთვის დახურულია ყველა ცივილიზებული, დემოკრატიული ნორმალური სახელმწიფოს კარი. მათთვის ღია დარჩა მხოლოდ „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და კრემლის ოფისები. ახლა ის არის დარჩენილი მარტო ქართველი ხალხის ნებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ და ყველაფერი ამის შედეგად, მან უკვე დაკარგა ნორმალური განსჯის უნარი და დაკარგა ლოგიკურად ქცევის შესაძლებლობა. ამიტომ, მე მინდა, ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ მკვლევრების, იმ ჟურნალისტების, იმ აქტივისტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ისინი ახლა ატარებენ ჩხრეკებს და ცდილობენ დააშინონ ეს ადამიანები. ისინი იქცევიან რუსული თამაშის წესებით, სადაც სიმართლის თქმა ითვლება დანაშაულად, რუსული კანონებით, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევა მტრად. ახლა ისინი ცდილობენ, შეაშინონ ყველა დანარჩენი, მაგრამ მათ ეშლებათ მთავარი რამ, მათ ეშლებათ ის, რომ ეს არ არის რუსეთი და რომ ეს არის საქართველო, ეს არის ქართველი ხალხი და ქართველი ერი - ერი, რომელიც, როდესაც მის წინაშე დგებოდა არჩევანი მორჩილებასა და მონობას, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, თავისუფლებას შორის, ყოველთვის ირჩევდა თავისუფლებას, ყოველთვის იბრძოდა ამისთვის. მე მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ყველა კოლეგას- იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი და ამ აბსურდული მოქმედებების! ჩვენ დავიცავთ ყველა მართალ ადამიანს, ყველა მართალ მოქალაქეს და დავიცავთ ყველა თქვენს ხმას. გამარჯვებამდე დარჩენილია 2 დღე და სულ მალე ჩვენ ვიზეიმებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოცილებას.“- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხუთშაბათ დილას, 24 ოქტომბერს ჩაატარეს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ჩაბარდათ განჩინება ჩხრეკაზე, რომელიც ზოგადი ხასიათისაა.

განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია:

218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ეს ბრალდება ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობას;180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. ეს ბრალდება 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თქვეს, რომ მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები.

„მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“.

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-ის) მკვლევრები არიან. ისინი წლებია იკვლევენ დეზინფორმაციას.

„ატლანტიკური საბჭო“ 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ინსტიტუტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S