გახარია - პოლიციელებს: ემსახურეთ საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიულ "ბოსებს"
24/10/2024 11:41:02 პოლიტიკა
ყოფილმა შს და პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ პოლიციელებს მოუწოდა, შეასრულონ საკუთარი მოვალეობა და ემსახურონ ხალხს.
"ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, თქვენ ძალიან ბევრჯერ და ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეთ ქვეყანას თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად და ყოველთვის იდექით სწორ მხარეს, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დღეს, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი სულ რამდენიმე დღე, თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი მშვიდ და თავისუფალ გარემოში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნები იქნება რამდენიმე დღეში. მე არასდროს ვიკადრებ თქვენ მოგიწოდოთ ხმა მისცეთ ერთ, მეორე ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ, ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიასა და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით სულ მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად, პირისპირ დავრჩებით და ერთად მოგვიწევს, ზუსტად ისე, როგორც გაგვიკეთებია ადრე, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ღირსება, ჯანმრთელობა და მშვიდი ძილის უფლება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ იმ დიდ მისიას, რომ მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, ის არჩევანი, რომელიც არის სამართლიანი, ევროპული, ეროვნული და განვითარებული სახელმწიფო",- თქვა გახარიამ.


