"ერთიანობაში" პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე საუბრობენ და კონკრეტულ პირებს ასახელებენ
24/10/2024 11:50:51 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე კვლავ საუბრობს მოქალაქეებისთვის პირადობების მოწოდებების ჩამორთმევაზე. ამ საკითხზე რამდნიმე დღის წინ ყურადღება გაამახვილეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მათი თქმით, რამდენიმე რეგიონში შეიმჩნევა მსგავსი აქტივობა და მას მასშტაბური ხასიათი აქვს.
წითლიძე ასახელებს კონკრეტულ პირებს.
მისი თქმით, შემთხვევები დაფიქსირდა წალენჯიხაში, ჯვარში, ზუგდიდში და მარტვილში.
ასევე თქვა, რომ 200-ზე მეტი პირადობის დაბრუნება შეძლეს.
"ავთანდილ ღურწკაია, რომელიც არის კრიმინალური დაჯგუფების წევრი, წალენჯიხაში და ჯვარში ატერორებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს და ცდილობს მათ წაართვას პირადობის მოწმობები. მეორე არის კახა ფიფია, რომელიც არის ასევე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების აგენტი, რომელიც წალენჯიხაში და ჯვარში პირადობის მოწმობებს ძალის გამოყენებით ართმევს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს. ასევე მარტვილის ერთ-ერთ სოფელში ზურაბ ჯიჯელავა, პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ატერორებს ადგილობრივებს და ცდილობს მათგან პირადობის მოწმობების წართმევას. ასევე ზუგდიდში გიზო ჭეჟია და ბორის კილასონია, ე.წ. „კაი ბიჭები“, რეალურად კი ხელისუფლების აგენტები",- თქვა პოლიტიკოსმა.
მან მოუწოდა, "საღამოს 19:00 საათამდე, რაც გაქვთ წაღებული, დააბრუნეთ, რადგან ჩვენ გვაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორ ახდენთ საქართველოს მოქალაქეების ტერორს".


