პაპუაშვილი, რომელსაც "ოცნების" საწინააღმდეგო ბანერის გამოფენაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა, ენმ–ის საწინააღმდეგო ბანერის გადმომფენებს "პატრიოტებს" უწოდებს
25/10/2024 07:43:39 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელსაც "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო ბანერის გამოფენაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბანერის გადმომფენებს "პატრიოტებს" უწოდებს.
"ეს არის ქართველების პასუხი იმ უსამშობლოების მიმართ, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადეს მტრად. [...] კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე ასეთ პასუხს ცემენ", – განაცხადა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერის გამოჩენას, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „ქოცი=რუსს“, ასე გამოეხმაურა:
"ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს. ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას დაამსგავსეს საკუთარი თავები. მშვიდობას ომი ამჯობინეს, ევროპის სახელით და დროშით კი ტერორს უდგანან სათავეში. მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ამ სამარცხვინო სექტას გავცეთ გადამწყვეტი პასუხი“.
მთავარ ფოტოს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


