კალანდარიშვილი – სტრატეგიული ობიექტების სიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეყვანაზე: "დარწმუნებული ვარ, შესაბამისი მოტივები ჰქონდათ"
25/10/2024 10:48:11 პოლიტიკა
"დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი მოტივები და შესაბამისი წინაპირობა ჰქონდათ იმის თაობაზე რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული", – ასე ეხმიანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სტრატეგიული ობიექტების სიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეყვანის ფაქტს.
მისი თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მიიღო.
"შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ეს, მათ შორის, ეფუძნებოდეს იმ გარემოებას, როდესაც წინა წლებში, განსაკუთრებით 2020 წლის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, როდესაც ხორციელდებოდა გარკვეული დემონსტრაციები ინსტიტუციის შემოგარენში და ის შედეგები, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად იყო და ის საფრთხეები, რისკები, რომელიც ზოგადად ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას აყენებდა გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ალბათ, შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება",– აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის: მთავრობის ადმინისტრაციამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე მიიღო დადგენილება, რომელშიც არის იმ ადმინისტრაციული შენობებისა და სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა ბლოკირებაც პატიმრობით დაისჯება. ამ ჩამონათვალშია, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საპატრიარქო.
საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.
სტრატეგიულ ან ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად განისაზღვრა შემდეგი უწყებების შენობები:
- პარლამენტი, აჭარის უმაღლესი საბჭო;
- მთავრობის ადმინისტრაცია;
- სამინისტროები;
- სასამართლოები;
- საკრებულოები და მერიები;
- პროკურატურა;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
- დაზვერვის სამსახური;
- ეროვნული ბანკი;
- საელჩოები და საკონსულოები;
- ცესკო;
- საპატრიარქო;
- სასაზღვრო გამტარი პუნქტები;
- ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა;
- ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტები;
- მაღალი ძაბვის ქვესადგურები;
- ელექტროენერგიის გადამცემი სისტემები;
- ის დაწესებულებები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;
- სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება;
- მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;
- ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია;
- სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და მატარებლები;
- მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
- თბილისის მეტრო;
- აეროპორტები.


