Accentnews.ge
უილსონი – ჩხრეკაზე: "განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა"

უილსონი – ჩხრეკაზე: "განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოხდა"

25/10/2024 15:42:13 პოლიტიკა

ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "ატლანტიკური საბჭოს" ორი თანამშრომლის– ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების გაჩხრეკის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადებას ჰელსინკის კომისია X-ზე აქვეყნებს.

"შემაშფოთა საქართველოს პროკურატურის მიერ, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების დარბევამ. ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. გავიგე, რომ პროკურატურამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა. ცალსახად ვგმობ დარბევას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ეს მოხდა კრიტიკულ ეროვნულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე. დარწმუნებული ვარ, დარბევა არანაირ შედეგს არ მოიტანს, გარდა იმისა, რომ დამტკიცდება - ქალბატონი ბუზიაშვილი და ქალბატონი გელავა თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი, ვინც პროკურატურაში ძალაუფლებას გადააჭარბა", - წერს უილსონი.

ცნობისთვის: საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე – 24 ოქტომბრის დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო განჩინების საფუძველზე გაჩხრიკა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ატლანტიკური საბჭოს“ ქართველი თანამშრომლების – სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები. ჩხრეკის შემდეგ წაიღეს მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები.

გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმე კი, განჩინების თანახმად, სამი მუხლით არის აღძრული:

ფულის გათეთრება;

თაღლითობა;

გადასახადებისგან თავის არიდება.

ვინ არის ამ საქმეზე ბრალდებული ჯერ–ჯერობით უცნობია.

ეთო ბუზიაშვილიც და სოფო გელავაც სახლის ჩხრეკის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს მოწმის სტატუსით - სოფო გელავას 24 ოქტომბრის დღის 5 საათი განესაზღვრა გამოკითხვის თარიღად და ეთო ბუზიაშვილს - 25 ოქტომბრის 12 საათი. ორივე გამოკითხვა გადაიდო და ის სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ჩატარდება.

„ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება არჩევნებამდე, რომელსაც, მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ, ეს არის სწორედ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებში, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაგდება ყუთში, როგორადაც თვითონ ფიქრობს, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს“, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის სერია.

"მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია, საზოგადოებისთვის შეიძლება, ძალიან საინტერესო იყოს", - ასე მიმართა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომლებიც ჩხრეკის სერიის მიზეზით დაინტერესდნენ.

"ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ქმედებებში, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დააბრუნებს მათ ქონებას", – განუცხადა აქცენტს "ატლანტიკური საბჭოს" "ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის" (DFRLab) დირექტორმა გრემ ბრუკმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S